ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის იუბილე აღინიშნა

0

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.
მინისტრმა სიტყვით მიმართვისას პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, სამხედრო სამსახურის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები შეაჯამა. ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ყველაფერი, რასაც ჩვენ ქართულ შეიარაღებულ ძალებში თვქენთან ერთად ვაკეთებთ, ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს უდიდესი პროგრესი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ნატოს უმრავლესმა წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ აქტიურად მიიღონ თქვენთან ერთად მონაწილეობა ამ სწაველბებში“ .- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მან სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები ეტაპობრივად ეზრდებათ, ხოლო მომდევნო წლებში გაუმჯობესდება სხვა ქვედანაყოფების სახელფასო უზრუნველყოფაც.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითოეული ბატალიონი, რომელიც გაივლის სწავლებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას მიიღებს. მხოლოდ წელს ამისთვის 2 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა. სწორედ 43-ე ბატალიონის რიგითებმა, კაპრალებმა, ოფიცრებმა მიიღეს ახალი ანაზღაურება, რომელიც 100-დან 400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ შემდეგი წლების განმავლობაში და ამ პროგრამის ფარგლებში მოიცავს 5000 სამხედრო მოსამსახურეს, რისთვისაც 10 მილიონი ლარი იქნება მობილიზებული. სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებიც, შემდგომი წლების განმავლობაში განახლებულ ხელფასებს მიიღებენ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი პოლიტიკის. ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ თქვენი სოცლიალური პირობები და სამედიცინო უზრუნველყოფაც მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს“.- აღნიშნა ლევან იზორიამ.
მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა აშშ-დან მიღებულ ოფიციალურ წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული ასეული ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოემზადება: „ჩვენ მივიღეთ ოფიცილურად აშშ-დან წერილი, სადაც გამოითქვა მზადყოფნა, რომ 29 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, პოლონეთში დისლოცირებული ელიტური ამერიკული ასეული ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოემზადება. ეს დასტურია ჩვენი თანამშრომლობის დინამიკის გაფართოების, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა“.
ღონისძიების ფარგლებში წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, ჩატარდა სამხედრო მოსამსახურეებს შორის სპორტული შეჯიბრებაც. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი