„ვიყოთ ერთად“ – თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა გაიხსნება
18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, გამოფენა „ვიყოთ ერთად“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა წარმოადგენს პროექტის „ლოკალურიდან გლობალურამდე“ ნაწილს და გვიჩვენებს ბრიტანელი და ქართველი მხატვრების ორკვირიანი ვორკშოპის შედეგად შექმნილ ნამუშევრებს.
„ვიყოთ ერთად” გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს (რომლებიც ერთად იკრიბებიან) და შეგროვების, მოძიებისა და შეკრების აქტს.
„„არტელი რაჭა“ ორი კვირის განმავლობაში მხატვრებისათვის განსაკუთრებული ადგილი გახდა. ვორკშოფმა შექმნა სივრცე გარემოს შესწავლისა და ექსპერიმენტისათვის, აქტიურ პროცესებზე დაკვირვებით ერთმანეთისგან სწავლისათვის, უცნობისა და ნაცნობის ერთად აღმოჩენისათვის. შეიქმნა კულტურული განსხვავებების აღნიშვნის სივრცე და ბრიტანელ და ქართველ ხელოვანთათვის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
გამოფენაში მონაწილეობს ექვსი მხატვარი ბრიტანეთიდან და ექვსი მხატვარი საქართველოდან: ალისა ფორვარდი, ბრიუს ალან, დევიდ გუდინგი, მარტინ გრიმერი, ნოვი ალანი, სიუ ჩადლი, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, ანა ძიაპშიპა, ლევან ჭოღოშვილი, კოტე ჯინჭარაძე.
პროექტის მთავარი მიზანია როგორც სახელოვნებო კულტურული სივრცის წარმომადგენლების, ასევე დაინტერესებული საზოგადოების და ხელოვნების მოყვარულთა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ყურადღების ფოკუსირება ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობა-თანამშრომლობის პერსპექტივის ჭრილში.
გამოფენა 18 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.