„კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ – პროექტის წარდგენა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კლასიკური მუსიკის ცენტრის მერ ინიცირეული პროექტის – „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, „კლასიკური მუსიკის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე და ამავე ცენტრის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიულ სივრცეებში – მუზეუმების, ბიბლიოთეკების, გალარეების და სხვა ალტერნატიულ დარბაზებში კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას, მსმენელის რაოდენობის გაზრდასა და ახალგაზრდების დაინტერესებას კლასიკური მუსიკის ჟანრით.
კონცერტების პირველი ციკლი 18-24 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები. პროექტის ფარგლებში, სულ ოთხი კონცერტი გაიმართება. საკონცერტო სივრცედ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი შეირჩა.
18 დეკემბერს ცნობილი ამერიკელი მეცო-სოპრანო ტიფანი აბბანი, თბილისის გოგონათა გუნდის მონაწილეობით, კონცერტების ციკლს ე.წ. საშობაო მუსიკალური პროგრამით გახსნის;
20 დეკემბერს – ტრიო „გაონი“ მიუნჰენიდან კამერული მუსიკის კონცერტს გამართავს;
22 დეკემბერს კი, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკელი პიანისტი ენდრიუ ტაისონი. ენდრიუ ტაისონი არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოსა და კონკურსის ლაურეატია, მათ შორის 2015 წელს ის გეზა ანდას სახელობის (შვეიცარია) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. შესაბამისად, სიმბოლურად, კონცერტების ციკლის ბოლო ღონისძიება, 24 დეკემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ვენიავსკის სახელობის (ვარშავა) მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ .
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით.