მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადა გახანგრძლივდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოფო კილაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ მხარი დაუჭირა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ვინაიდან საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლა კანონით გათვალისწინებულ ვადამდე ვერ მოასწრო, კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო კანონში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება, რითაც მოქალაქეებს თავიდან ააცილებდა დაჯარიმებას.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოქმედი კანონით, 1000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარებოდა ყველა ის პირი, ვინც ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს და ვალდებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთა ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, ზემოთხსენებულ პირებს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციის განხორციელებისთვის მიეცათ გონივრული დამატებითი ვადა 2018 წლის 15 ნოემბრამდე.