უსინათლო ადამიანების პრობლემები საქართველოში – 15 ოქტომბერს თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე აღინიშნება

სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლების ცენტრის ამოქმედება კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება , – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელმა, გია ჯვარშეიშვილმა, „ვოლფრამის სინდრომი – საქართველოს” წარმომადგენელმა, მაცაცო ხაჭაპურიძემ და სახალხო დამცველის აპარატის, შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რუსუდან კოხოძემ ისაუბრეს.
მათივე განცხადებით, ცენტრის შექმნა არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ხარჯებთან და სირთულეებთან.
პრესკონფერენცია თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც 15 ოქტომბერს აღინიშნება.
„როგორც უკვე აღვნიშნეთ, თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების სიმბოლო და მობილობა-ორიენტაციის, შესაბამისად დამოუკიდებელი ცხოვრების უალტერნატივო დამხმარე საშუალებაა. ბენეფიციართათვის აუცილებელია თეთრი ხელჯოხის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით შერჩევა. მისი გამოყენების შესწავლა სპეციალიზებულ, დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლების, ცენტრებში ხდება. იქვე ისწავლება კომპიუტერული ხმოვანი პროგრამებისა თუ ბრაილის შრიფტის გამოყენება, საყოფაცხოვრებო და სხვა უნარ-ჩვევების სწავლება/გამომუშავება. სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლების ცენტრის ამოქმედება კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება – მისი შექმნა არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ხარჯებთან და სირთულეებთან. მეტიც, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს, უსინათლოთათვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თეთრი ხელჯოხების გაცემას, თუ ინდივიდუალურ შერჩევას; 2017 წელს, სსიპ მასწავლებლის სახლის უსინათლო და მცირემხედველთა ხელშემწყობი 3-კომპონენტიანი საპილოტე პროექტი, 2018 წელს აღარ განვითარდა. შშმ უსინათლო და მცირემხედველ მოქალაქეთათვის ქვეყანაში არსებული სერვისები არ არის საჭიროებებისამებრ შექმნილი და საკმარისი”, – აცხადებენ უფლებადამცველები.
როგორც ისინი აღნიშნავენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენცია (მუხლი 26) პირდაპირ მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი ტიპის სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას.
„შეგახსენებთ, საქართველოში კონვენცია რატიფიცირდა 2013 წელს და ძალაში შევიდა 2014-ში, თუმცა არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ექსპერტების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით მისი იმპლემენტაციის პროცესი არაეფექტურად მიმდინარეობს.
კონვენციის პრინციპების უარყოფით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამოქალაქეებს ერთმევათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური ჩართულობის შესაძლებლობა, რაც ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ნაცვლად იწვევს საზოგადოების ფრაგმენტაციას და დეჰუმანიზაციას. ჩვენი მიზანია, მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დამოუკიდებული ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის პროცესში”,- აცხადებენ უფლებადამცველები.
როგორც გია ჯვარშეიშვილმა აღნიშნა, ბენეფიციართათვის თეთრი ხელჯოხის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით შერჩევა აუცილებელია.
„რეალურად, ჩვენ ამ ხალხს ვკარგავთ და ჩვენს სოციუმში ვერ ვიბრუნებთ. სოციუმიდან ვაქრობთ პრობლემების გამო.
დღეს სახელმწიფო უსინათლო ადამიანებს მათი საჭიროებისამებრ თეთრ ხელჯოს არ აძლევს. საქართველოში უსინათლო ადამიანებზე ვერცხლისფერ ხელჯოხს გასცემენ“,- განაცხადა გია ჯვარშეიშვილმა.
როგორც მაცაცო ხაჭაპურიძემ აღნიშნა, უსინათლოებისთვის საქართველოში ბევრი პრობლემაა.
„ქალაქში არ არის ჩვენთვის სავალი ბილიკები. ხმოვანი შუქნიშნები, შეიძლება, არის, მაგრამ არ არის ზუსტად მორგებული ყველა უსინათლოს საჭიროებაზე. თვითონ ხელჯოხი არის ძალიან არასტანდარტული, არ არის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული. ხელჯოხი, რომელიც მე მაქვს არ არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემული, ეს უსინათლო მეგობარმა გადმომცა. იქ აღებულს ვერაფერში გამოიყენებ ისეთია. ეს უნდა გამოსწორდეს. უკვე 7 წელია ვიყენებ ხელჯოხს და ეს არის უალტერნატივო დამხმარე საშუალება. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ქალაქში სიარული. ეს თვალის შემცვლელია სიარულის დროს.
უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღება ძალიან რთულია უსინათლოებისთვის. უმაღლესების საიტებზე განთავსებული ელექტრონული წიგნების უმეტესობა არის დასკანერებული, საქართველოში არ ხერხდება ხმოვანი პროგრამით დასკანერებული ქართული შრიფტის წიგნის წაკითხვა. ჩვენთან დიდი პრობლემაა დასაქმებაც. უარს ამბობენ უსინათლოების დასაქმებაზე . ეს არასწორი მიდგომაა “, – განაცხადა მაცაცო ხაჭაპურიძემ.
თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე (International White Cane Safety Day) – მსოფლიოში 1969 წლიდან, საქართველოში კი 2011 წლიდან აღინიშნება.
უფლებადამცველების ცნობით, არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანთა რიცხვი 35-40 ათასამდე მერყეობს, აქედან 4-6 ათასი უსინათლოა (ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს). მსოფლიოში მხედველობის პრობლემის მქონე 285 მილიონზე მეტი ადამიანია, აქედან 40 მილიონამდე უსინათლოა.
„თეთრი ხელჯოხის დღის დაარსება ინგლისელ ფოტოგრაფ ჯეიმს ბიგსს (James Biggs) უკავშირდება, რომელმაც მხედველობა უბედური შემთხვევის შედეგად 1921 წელს დაკარგა. ბიგსი შეეცადა დაბრუნებოდა ცხოვრების ჩვეულ, აქტიურ რიტმს და ქალაქ ბრისტოლის ქუჩებში დამოუკიდებლად გადაადგილებულიყო საყრდენი ხელჯოხის გამოყენებით. შედეგად საზოგადოებამ ის ხელჯოხიან მხედველ ადამიანად აღიქვა – გარშემომყოფები, გამვლელები, მძღოლები ვერ აცნობიერებდნენ, რომ ბიგსი უსინათლო იყო და არაადეკვატურად, ნეგატიურად რეაგირებდნენ. ყოფილმა ფოტოგრაფმა ორიგინალური გამოსავალი იპოვა: ხელჯოხი თეთრად შეღება, რამაც ის ხალხის მასაში გამოარჩია – გააჩინა კითხვა, რომელზე პასუხმაც საზოგადოების სოლიდარობა და მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ეს სიახლე, თეთრი ხელჯოხი – უსინათლო ადამიანის სიმბოლო, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. თეთრი ხელჯოხის მოხმარების სისტემა და ტექნიკური სტანდარტები XX საუკუნის 30-იანი წლებიდან თემისა და სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა და დღემდე, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით, ინტენსიურად ვითარდება”, – ნათქვამია უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები