ზურაბ ჯაფარიძე: თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, მოქალაქეები ისტორიულ მოვლენას იხილავენ – როგორ აკავებენ პრეზიდენტობის კანდიდატს

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე შსს-ს განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ​თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, ​​„დედაენის ბაღში“ მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ისტორიული მოვლენა იხილონ – როგორ აკავებენ პრეზიდენტობის კანდიდატს.
„შსს გვემუქრება ჩვენ, თითქოს ჩვენ რაღაც კანონს დავარღვევთ და არსებობს შესაბამისი სანქციები, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის. პირველ რიგში, მინდა ვუპასუხო შსს-ს: მე, ზურაბ ჯაფარიძე, ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი და 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყრი კენჭს. მე პირადად, ჩადენილი მაქვს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. 2016 წლის 31 დეკემბერს მე დავარღვიე კანონი და დავთესე კანაფის მარცვლები. მაშინ მე დავარღვიე კანონი და ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი გულისხმობდა კანონდარღვევას.
20 ოქტომბერს, ასევე ვაპირებ, რომ ჩავიდინო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამჯერად მე არ ვარღვევ კანონს, რადგან ვთვლი, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ.
ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს მიმართულია იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა „გირჩისა”. ​თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად, ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსნებთ, რომ შსს-მ „გირჩის“ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები