პირს, რომელიც ხე-ტყეს უკანონოდ მოიპოვებდა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზია გაუუქმა

0

ხე-ტყის უკანონო და უსისტემო ჭრასთან ბრძოლა აქტიურად გრძელდება. გარდა კერძო პირების მხრიდან უკანონო ჭრების გამოვლენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების კომპლექსურ შემოწმებებს. შემოწმების მასალების საფუძველზე, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2009 წელს 723 ჰა ფართობზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გააუქმა.
ლიცენზიანტი სისტემატურად, უკანონოდ მოიპოვებდა ხე-ტყეს და არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც მის მიმართ გატარდა უმკაცრესი ზომები და გაუუქმდა ლიცენზია. შედეგად, ლიცენზიანტს ჩამოერთვა ლიცენზირებულ ფართობზე დარჩენილი რესურსის ათვისების უფლება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამ დრომდე ჩატარებული შემოწმებების შედეგად, დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევებში, ლიცენზიანტების მხრიდან ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონოდ და უსისტემოდ მოპოვებას და კანონმდებლობის მოთხოვნების უხეშ დარღვევას. თითოეული ლიცენზიანტის საქმიანობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად შეფასდება და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით,გატარდება უმკაცრესი ზომები.

კომენტარები

კომენტარი