ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის კონტროლის მექანიზმებს დარგის წარმომადგენლები გაეცნენ

საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე ანაკლიაში თხილის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა დარგის წარმომადგენლებს ინფორმაცია თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე შემუშავებულ პროექტზე მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები, სიხშირე და კრიტერიუმები განისაზღვრება.
“პროდუქციის ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტირებული თხილის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე მყარი პოზიციების შენარჩუნებას,”- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი იაკობაშვილმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას დღეს დარგი. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია და ამ მიზნით, რეგიონში სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების შექმნა იგეგმება, რომლებიც “კარდაკარ” პრინციპით, თხილის მოვლის საკითხებზე გაავრცელებენ ინფორმაციას.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც დარგის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გამოეთქვათ მოსაზრებები.
მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები