გელა სამხარაული: საერთაშორისო ბაზარზე, ექსპორტთან ერთად, გაზრდილია ქართული ღვინის ხარისხი და ფასი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გელა სამხარაულის თქმით, წელს პირველი შემთხვევა მოხდა, როდესაც სახელმწიფო სრულად გამოვიდა ყურძნის სუბსიდირების ყველა კომპონენტიდან. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ შეძლო მევენახეობა-მეღვინეობაში დასაქმებულთა ინტერესების რეალიზაციისთვის კარგი პირობები შეექმნა.
“224 ათასი ტონა გადამუშავებული ყურძენი და 300 მლნ ლარამდე მიღებული შემოსავალი – მხოლოდ კახეთის რეგიონში, რაჭაში კი 1500 ტონა და შემოსავლის სახით მიღებული 10 მილიონი – ციფრები რეკორდულია. მართალია, რთველი ტექნიკურად ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ ძირითად მაჩვენებლებში დიდი ცვლილებები ვეღარ მოხდება. შემოსავლები, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ უფრო მთავარია ის, რომ ასეთი მაღალი შედეგები გვაქვს, არასუბსიდირებული რთველის პირობებში.
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო სრულად გამოვიდა ყურძნის სუბსიდირების ყველა კომპონენტიდან. 21 ათასი მევენახისგან ყურძენი 280 კერძო კომპანიამ ჩაიბარა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის დამოუკიდებლად წარიმართა, სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე. არ ვამბობ, რომ პრობლემები არ ყოფილა, გარკვეული საკითხები ისევ მოსაგვარებელი და დასარეგულირებელია, მაგრამ ვხედავთ, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ ეტაპებს წარმატებულად ართმევს თავს.
წლების მანძილზე, პროცესი სახელმწიფოს აქტიური ჩარევით მიმდინარეობდა, დღეს კი ამის აუცილებლობა აღარ არსებობს. მევენახეობა-მეღვინეობა უკვე ერთ-ერთი წარმატებული დარგია. სახელმწიფომ შეძლო ამ სფეროში დასაქმებულთა ინტერესების რეალიზაციისთვის კარგი პირობები შეექმნა. თანამშრომლობა დარგის წარმომადგენლებს შორის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და სახელმწიფო პოზიციებიც, ვითარების შესაბამისად, ყოველთვის გადაიხედება. მთავარია, გავიგოთ, რომ მეურნეობების მართვის ახალ მოდელზე გადასვლისას, შედეგებისთვის, აუცილებელია, ბოლომდე გამოვიყენოთ ყველა უპირატესობა, რაც გაგვაჩნია, სხვანაირად დავინახოთ განვითარება და პერსპექტივა. უნდა ვეცადოთ, ხარისხი ვაქციოთ მთავარ უპირატესობად. ხარისხში გავაერთიანოთ ისტორია, სიძველე, ჩვენი უნიკალური მრავალფეროვანი ჯიშები, რაც პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება. საერთაშორისო ბაზარზე ჩვენ უნდა შევიდეთ ხარისხით და ჩვენი ფასით. მხოლოდ რაოდენობაზე აქცენტების გაკეთდება შედეგს ვერ მოგვიტანს.
ცალკე სეგმენტია ქვევრის ღვინო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით. ეს აღიარება ძალიან ბევრს ნიშნავს და ხელს უწყობს არა მხოლოდ ღვინის, ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ხარისხიანი ღვინის ექსპორტიორი ქვეყანა. სახელმწიფო ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი ღვინის, სასმელების წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ გვაქვს გაფორმებული შეთანხმებები, დივერსიფიცირებული გასაღების ბაზრები, შეღავათიანი პირობები, პროექტები, პროგრამები – ყველაფერი, რაც კავშირშია დარგის განვითარებასთან და პროდუქციაზე ფასების ზრდასთან.
American Association of Wine Economists-ის (AAWE) მაჩვენებლების მიხედვით, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი – საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. ამ რეიტინგით პირველ ადგილზე საფრანგეთი, მეორეზე ახალი ზელანდია, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია. საქართველოს ჩამორჩებიან ხორვატია, არგენტინა, პორტუგალია, გერმანია, იტალია და ა.შ”,-აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
მან ღვინის ექსპორტზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ოფიციალური მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტმა 13%-ით, ღირებულებამ კი 22%-ით მოიმატა. მისივე თქმით, მეღვინეობის დარგი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ამიტომ რეფორმირებაში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლები.
“საერთაშორისო ბაზარზე, ექსპორტთან ერთად, გაზრდილია ქართული ღვინის ხარისხი და ფასი. ოფიციალური მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტმა 13%-ით, ღირებულებამ კი 22%-ით მოიმატა. ამ დრომდე, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 142 მლნ დოლარის ღირებულების, 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო. წლის ბოლომდე, ციფრობრივი მონაცემები, რა თქმა უნდა, გაიზრდება. 27,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები. როცა ექსპორტზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ამერიკის შეერთებული შტატები – ეს ჩვენი კონტრაქტორი ქვეყნებია, რომლებთანაც ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, იმართება შეხვედრები, ეწყობა გამოფენები, დეგუსტაციები, ღონისძიებები, რაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და გაყიდვების ზრდას განაპირობებს.
ექსპორტი გაზრდილია ევროპისა და აზიის მიმართულებითაც. ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე და პროდუქცია დაცულია პოლიტიკურ-ეკონომიკური დივერსიებისგან. ყველა გაზრდილი მაჩვენებელი და მიღწევა ღვინის სააგენტოს, სამინისტროს, პარლამენტის და ზოგადად, ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის, ურთიერთშეთანხმებული, სწორი და გააზრებული მიდგომების შედეგია. ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს, საზოგადოებრივი და სასოფლო–სამეურნეო მიზნების მისაღწევად. ვართ უძველესი, იშვიათი ვაზის ჯიშების ქვეყანა. აღდგენილია რამდენიმე ათეული უნიკალური, ისტორიული ჯიში, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. ყურადღება ექცევა მიკროზონების შექმნას, ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქციის წარმოებას და საერთაშორისო ბაზრებზე მათ მხარდაჭერას.
მინდა, ყურადღება მიაქციოთ ბიოღვინის წარმოებას. ბიოწარმოების ხელშეწყობა, „მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის“ ნაწილია. ჩვენ გვინდა, დავიმკვიდროთ მწვანე ეკონომიკის მქონე ქვეყნის იმიჯი, ვიცხოვროთ სუფთა ჰაერზე, დავლიოთ სუფთა წყალი, ვიკვებოთ ჯანსაღ ნიადაგზე მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და ამ პირობებში, შევქმნათ კონკურენტუნარიანი ეკონომიკა.
ნებისმიერ სფეროში ბიზნესის ზრდის და პასუხისმგებლობების კრიტერიუმები გარკვეულწილად, თვითრეგულირებადია. უნდა ვეცადოთ, ვიყოთ უფრო ღია, ინოვაციების, სიახლეების მიღების და გაზიარებისთვის. დარგი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ამიტომ რეფორმირებაში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლები. ყველა გადაწყვეტილება მისაღებია თანამშრომლობის საფუძველზე.
იგეგმება შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაცია. სამომავლოდ, კერძო სექტორის წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან სტრატეგიის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხზე უკვე შედგა და პროცესი დაწყებულია.
მევენახეობა – მეღვინეობა საქართველოსთვის განსაკუთრებული დარგია, ჩვენი კუთხისთვის, კახეთისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ამიტომ კარგი იქნება, თუ ბოლომდე გამოვიყენებთ იმ რესურს, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს და მთავარ აქცენტს ხარისხზე და ინდივიდუალურობაზე გავაკეთებთ. ასევე, კარგია, თუ უფრო ინტენსიურად დავამკვიდრებთ საოჯახო მარნების კულტურას – ამ ტიპის მეურნეობები ქართულ სტუმართმოყვარე ბუნებას კარგად ესადაგება და პირდაპირ კავშირშია ღვინის ტურიზმის განვითარებასთან. სწორედ ტურიზმის ზრდას უკავშირდება, ღვინოზე გაზრდილი მოთხოვნა შიდა ბაზარზე.
მევენახეობა-მეღვინეობა პერსპექტიული დარგია და მიხარია, რომ ამ საქმიანობისადმი ახალგაზრდა თაობის ინტერესი იზრდება. რეგიონისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ წარმატებულ საქმიანობას შესაბამისი ცოდნა სჭირდება, დარგი ვითარდება და პარალელურად, ცოდნის ამაღლებაც აუცილებელია. უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები გერმანულ მხარესთან და თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, მომზადდებიან სპეციალისტები, მევენახეობა-მეღვინეობისა და საერთო აგრონომიული მიმართულებებით. ამავე სპეციალობების ფაკულტეტების გახსნა გეგმავს კავკასიის უნივერსიტეტი გურჯაანში.
შესაძლებლობები მართლა ძალიან ბევრი გვაქვს. საქმის კეთების უფრო მეტი სურვილი და ინტერესი გვჭირდება. ერთობლივი მცდელობით, შეგვიძლია ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ჩამონათვალში, ისტორიული და ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი რეგიონის ადგილი დავიმკვიდროთ”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.