იაგო ხვიჩია: ვიცნობთ მღვდლებს, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, არ ველი, რომ კანაფის ფესტივალზე მოგვივარდებიან, ველი მათ სტუმრობას

0

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს დაგეგმილ კანაფის ფესტივალზე ექსცესებს არ ელის. ამის შესახებ „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არსებობენ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებსაც, შეიძლება, ეს არ მოსწონთ. საპატრიარქო და ა.შ. ვიღაც-ვიღაცები. არ ველოდები ექსცესებს. იმიტომ, რომ, საპატრიარქოს აქვს ძალიან რთული მორალური დილემა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, გვყავს ასეთი ნაცნობები, ვიცნობთ ასეთ მღვდლებს. ისინი პატიოსანი ხალხია, არ მიმაჩნია, რომ ისინი ცოდვილები არიან ან რამეს აშავებენ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ.
ასეთი ადამიანებისგან იმას კი არ ველით, რომ აქციაზე მოგვივარდებიან, არამედ ველოდები ამ ადამიანების სტუმრობას ამ აქციაზე და ველოდები მათ მიერ მართალი სიტყვის თქმას, თუ როგორ ცხოვრებენ ისინი. ამას რომ არ ველოდებოდე, უნდა მქონდეს გადაწურული იმედი, საღი აზრისა სასულიერო პირებში. ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში მოიხმარენ მარიხუანას, ისინი მორალური და პატიოსანი ადამიანები არიან. ჩემი აზრით, ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი. ეკლესიაში არსებული პატიოსანი ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენი მცველები, თუ ასეთები არსებობენ, ეს შემთხვევა ამასაც გამოავლენს, არსებობს თუ არა ეკლესიაში საღი აზრი“- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვას გეგმას.
დაგეგმილი ფესტივალის შესახებ „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მარიხუანასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, სურვილის შემთხვევაში, ფესტივალის მონაწილეები გაყიდიან.
მისი თქმით, ეს აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, შეიძინონ ის პროდუქტი, რომლის მოხმარების უფლებაც აქვთ. რაც შეეხება პოლიციის ჩარევის შესაძლებლობას, „გირჩის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამას არ ელის.
შეგახსენებთ, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელი გააუქმა. მარიხუანას რეალიზაცია კვლავ დასჯადია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი