გიორგი ქობულიამ ბრიტანეთის სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრთან ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრს, თემთა პალატის წევრს ჯორჯ ჰოლინგბერის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარებასა და საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე წარიმართა.
განსაკუთრებული ხაზი გაესვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2018 წლის ნოემბერში, თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიურ შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პლატფორმის განვითარება და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის სავაჭრო მისიის ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. გიორგი ქობულიას განცხადებით, მსგავსი სავაჭრო მისიების ჩატარება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წლების მანძილზე გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის 8 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 14%-ით, ხოლო ექსპორტი – 37%-ით გაიზარდა. ამავე დროს, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ რეალური პოტენციალი გაცილებით დიდია და მხარეებმა ძალისხმევას უნდა მიმართონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ქართული მხარის განცხადებით, ბრექსიტის მოვლენების ფონზე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას. მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების ორმხრივ ფორმატში გადატანის კუთხით. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები შესაბამისი უწყებების ჩართულობით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის, ტურიზმში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ავიამიმოსვლის განვითარებამ და ახალი რეგულარული რეისების დანიშვნამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა. 2017 წელს ზრდამ 45%, 2018 წლის 9 თვეში კი 43% შეადგინა.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარების ხელშეწყობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები