გიორგი კაკაურიძე: საჯარო სექტორში ანაზღაურება დაბალია, ვიდრე კერძო სექტორში, რაც საჯარო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის კარგი არ არის

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს. როგორც მან განაცხადა, დღეს საჯარო სექტორში ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე კერძო სექტორში, რაც საჯარო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის კარი არ არის.
მისივე თქმით, გასულ წელს 100 მილიონ ლარზე მეტი იყო ეკონომია, როგორც შტატიანი, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაში. “სადღაც დანამატები შეიზღუდა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიები, ასევე მოხდა გარკვეული ოპტიმიზაცია, თანამდებობების გაუქმება. ამან გამოიწვია ის, რომ 2017-2018 წელს 1000-მდე საშტატო ერთეული ვაკანტური დარჩა. იმისათვის, რომ ამ თანამდებობებზე ახალი კადრების დანიშვნა არ მომხდარიყო, 2019 წლის ბიუჯეტში ეს რაოდენობა მცირდება. ეს უკვე განხორციელებული ოპტიმიზაციაა, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში აისახა. 100- მილიონ ლარზე მეტი იყო ეკონომია 2017 წელს, რაც მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ საკმაოდ რთული საჯარო სექტორისათვის. დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა საჯარო სექტორში ანაზღაურება არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე კერძო სექტორში, რაც საჯარო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის მთლად კარგი არ არის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. შეგახსნებთ, რომ კაკაურიძე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას“ აცნობს. საბიუჯეტო დოკუმენტის განხილვა კომიტეტებში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები