ივანე მაჭავარიანი კატერინა მატერნოვას შეხვდა

ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სექტემბრის დასაწყისში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ახალი, 45 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ, ხელი შეეწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე და ამ მიმართულებით საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტების გამოყენების პერსპექტივაზე.
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით ევროკავშირის მხრიდან გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზე.
მხარეებმა ასევე, განიხილეს ევროკომისიასთან თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები