თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ საჯარო სკოლებში გრძელდება

თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ საჯარო სკოლებში გრძელდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აღნიშნული პროექტიც განახლდა. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ გორის მესამე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმაც მიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურება. პროექტი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
„ამ პროექტს სიმბოლურად ჰქვია „ჩვენი ჯარი“ ანუ ჯარი არის თქვენი. იმისთვის, რომ ის თქვენად გაითავისოთ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქალაქ გორის #3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს.
ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები გორში პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. სამხედროების შეხვედრები საჯარო სკოლებში გაზაფხულზე დაიწყო და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განახლდა. მოსწავლეებთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობასა და ჩართულობას გულისხმობს. ამ კონტექსტში მან სამხედრო ბრიგადებში ჩატარებულ „ღია კარის დღეებზე“, საზაფხულო ბანაკებსა და საშუალო განათლების პროგრამაში თავდაცვის კომპონენტის დამოუკიდებელი საგნის სახით შეტანის შესახებ ისაუბრა.
ლევან იზორიას განცხადებით, პროექტი მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.
„ვფიქრობთ, სამხედრო მოსამსახურეებთან მოზარდების უშუალო კონტაქტით შესაძლებელი იქნება პატრიოტიზმის განმტკიცება და ცნობიერების ამაღლება იმ საკითხზე, თუ რას აკეთებს ქართული ჯარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, სტრატეგიული კავშირების გასაძლიერებლად, იმ მთავარი მიზნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა და მისი უსაფრთხოება ჰქვია“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
მოგვიანებით, ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს სამხედრო კარიერული განვითარების პერსპექტივებიც გააცნეს. მათ მოსწავლეებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროექტს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.„ჩვენი ჯარი“ წელს გაზაფხულზე დაიწყო; პირველ ეტაპზე სამხედროები დაახლოებით 185 სკოლას ესტუმრნენ, ოქტომბერსა და ნოემბერში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე სკოლას ესტუმრებიან. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ქვეყნის რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები