თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო „პრომეთე“ გიორგი შენგელაიას გადაეცემა

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება, სექციებში -„ქართული პანორამა“, „საერთაშორისო კონკურსი“, „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“ – ნახოს ახალი, გამორჩეული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფესტივალის საპატიო „პრომეთე“ წლეულს რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცემა და მაყურებელი მისი ფილმების რეტროსპექტივას იხილავს.
წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ფესტივალის ერთ-ერთი პროგრამა ამ ქვეყნების კინემატოგრაფს დაეთმობა. პროგრამაში „ბალტიისპირეთი-100″ ნაჩვენები იქნება უახლესი ლიტვური, ლატვიური და ესტონური ფილმები. პროგრამის განხორციელებაში ფესტივალს სამივე ქვეყნის საელჩოები და კინოცენტრები ეხმარებიან.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა იტალია. იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, მე-19 კინოფესტივალზე, მაყურებელი ბოლო პერიოდის იტალიური კინოს აღიარებულ ნამუშევრებს იხილავს.
მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის თემაა „ლიტერატურა და კინო“, რომელშიც საინტერესო ეკრანიზაციებს და მწერლებზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმებს შემოგთავაზებთ.
ამის გარდა, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინო ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართება პროგრამა „ბერგმანი-100“, სადაც მაყურებელს შვედი რეჟისორის ფილმების ნახვის საშუალება მიეცემა. მათ შორისაა ფილმები: „მარწყვის მდელო“, „პერსონა“, „შემოდგომის სონატა“ და სხვა.
ფესტივალს ტრადიციისამებრ ეწვევიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული კინემატოგრაფისტები. ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება საინტერესო შეხვედრები, ვორკშოფები და მასტერკლასები.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დაგეგმილი ღონისძიებების და სექციების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები