გიორგი ქობულია: საქართველო მრავალფეროვან ბიზნეს შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვინც ეძებს ახალ საინვესტიციო მიმართულებებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველო-მოხსენებით გერმანიის ბიზნეს ფორუმზე გამოვიდა, რომელიც მაინის ფრანკფურტში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ბიზნეს ფორუმს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ნორბერტ ბარტლე, გერმანიის საინვესტიციო კორპორაციის (DEG) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კრისტინ ლაიბახი და სხვა ოფიციალური პირები, აგრეთვე საქართველოსა და გერმანიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული უწოდა საქართველო-გერმანიის ურთიერთობას და აღნიშნა, რომ გერმანიამ არაერთხელ ითამაშა განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გიორგი ქობულიას განცხადებით, გერმანია საქართველოს მეორე მსხვილი დონორი ქვეყანაა, რომელმაც 1992 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანას 820 მლნ ევროს დახმარება გამოუყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA).
გიორგი ქობულიას თქმით, გერმანია, ასევე, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. ამავე დროს, მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია და ამდენად, ორივე ქვეყნის ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა იყოს მიმართული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მთავარი მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებები მეტყველებს.
გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა თანამიმდევრული და წარმატებული რეფორმების განხორციელებას და განავითარებს ბიზნეს-მეგობრული გარემო შიდა და საერთაშორისო ინვესტიციების წასახალისებლად განაგრძობს.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოს მთავრობის სტრატეგიაა ქვეყანა საფინანსო, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების შესახებ, რასაც ბიზნეს ფორუმზე დიდი ინტერესი მოჰყვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობები აქვს, რომლებსაც სთავაზობს მათ, ვინც ეძებს ახალ საინვესტიციო მიმართულებებს, მათ შორის, ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, სასტუმრო და ტურიზმი, უძრავი ქონება, წარმოება, ბიზნეს პროცესის აუთსორსინგი, ლოგისტიკა და სხვა.
მოხსენების დასასრულს, გიორგი ქობულიამ გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები