კახა კოჟორიძე: არ მომწონს ისეთი ტიპის განცხადებები, როგორიც ნიკა გვარამიამ გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, კახა კოჟორიძის თქმით, დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. მისივე შეფასებით, არც ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება და არც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოხმაურება მოსაწონი არ არის.
„მედიასთან მიმართებით მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და მას გაფრთხილება სჭირდება. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მედია დამოუკიდებელთან ერთად, სამართლიანი და ობიექტურიც იქნება.
ამ შემთხვევაში, მე როგორც მოქალაქეს, არ მომწონს ისეთი ტიპის განცხადებები, როგორიც გააკეთა ბატონმა ნიკა გვარამიამ და ასევე არ მომწონს ამ ფეისბუქ პოსტს რა გამოხმაურებაც მოაყოლა პარლამენტის თავმჯდომარემ“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, არ არის სწორი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა იმის გამო, რომ ნიკა გვარამიას მოსაზრებაზე პოზიცია არ დააფიქსირეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა იმის გამო, რომ კონკრეტული პირის, ნიკა გვარამიას მოსაზრებაზე რატომ არ გამოხვედი ასე სწრაფად და რაღაცა პოზიცია არ დააფიქსირე, ვფიქრობ, იმ რეალობის გათვალისწინებით, რა რეალობაშიც ახლა ვიმყოფებით და რა თემებიც ახლა მუსირებს, წინასაარჩევნოდ ვფიქრობ, არ იქნება სწორი.
ზოგადად მათი კრიტიკა, ვინც ცდილობს, რომ ობიექტური შეფასება გააკეთოს, არის არასწორი. საკითხის გადატანა მნიშვნელოვნიდან ნაკლებად მნიშვნელოვანზე არ არის სწორი“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ, უკიდურესად უნდა შევიწროვდეს ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, გვარამიას განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე არ გამოხმაურებიან.
„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები