თეა წულუკიანმა შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თეა წულუკიანმა და ულრიკ ტიდესტრომმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს წარმატებული თანამშრომლობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (SIDA) საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცულობის ხარისხის ზრდისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისათვის განხორციელებული რეფორმების სფეროში.
თეა წულუკიანის საუბრის ძირითადი თემები იყო: ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესი ევროპული ქვეყნების სამართალთან; სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია და ეფექტური ბრძოლა ოჯახში ძალადობასთან; პირადობის დამადასტურებელი უსაფრთხო დოკუმენტები; სასამართლო რეფორმების უკვე განხორციელებული სამი ტალღა და დაგეგმილი რეფორმა კომერციული პალატების შემოტანის მიზნით; ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროცესი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის სფეროში გატარებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებებს, მათ შორის, სისხლის სამართლის პროცესსა და სასჯელაღსრულების სისტემაში.
ულრიკ ტიდესტრომი საქართველოსა და სომხეთში შვედეთის სამეფოს ელჩად სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის დიპლომატიურ საქმიანობას ახორციელებდა პოლონეთში, ფინეთში, რუსეთსა და უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები