ანგელა ვასილენკო: ანადგურებენ არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის სახელს, არამედ ფონდის სახელსაც

ფონდში 14 წელი ვმუშაობდი, მხოლოდ ორი წელი ვიღებდი ხელფასს, ვიყავი დამხმარე და ვეწეოდი სამხატვრო ხელმძღვანელობის ნაწილს, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, ანგელა ვასილენკომ ჟურნალისტებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, განუცხადა.
ანგელა ვასილენკომ აღნიშნა, რომ მან გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„ხელფასს ორი წლის მანძილზე ვიღებდი. საერთო ჯამში კი ფონდში 14 წელი ვიმუშავე კონსულტანტ-თანაშემწედ. ვაკეთებდი ყველაფერს, რაც კი სამხატვრო ნაწილს ეხებოდა, მოლაპარაკებები, შეხვედრები, სტუმრების დახვედრა, რათა მათ მომავალში საქართველოში დაბრუნება მოესურვებინათ. როდესაც ადამიანები აქ ქველმოქმედების მიზნით ჩამოდიოდნენ, მათთვის უნდა შეგვექმნა პირობები, რომ მათ თავი ბედნიერად ეგრძნოთ. არ ვიცი ზუსტი ციფრები, მაგრამ გაყავით ის თანხა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, 14 წელზე და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ორნი ვიყავით. მათ არაფერი აქვთ სათქმელი. სახელმწიფო თანხებს ჩვენ არ ვიყენებდით. ეს იყო პირადი სპონსორების ფული. შესანიშნავი პროექტები განვახორციელეთ“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძის მეუღლემ.
როგორც ვასილენკომ განაცხადა, მისი მეუღლის წინააღმდეგ შავი პიარი მიმდინარეობს.
„ისინი, ვინც „შავი პიარით“ არიან დაკავებული, ანადგურებენ არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის სახელს, არამედ ფონდის სახელსაც. გაიხსენეთ ეს კონცერტები, ჩვენ ვეხმარებოდით ადამიანებს, გვყავდა სტიპენდიანტები – ეს ყველაფერი შეჩერებულია „შავი პიარის“ გამო, რადგან ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს. მე ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, ვის სურს, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს“, -აღნიშნა პაატა ბურჭულაძის მეუღლემ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა, დაახლოებით, 4 საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები