სალომე ზურაბიშვილი: ლანძღვა წამოვიდა ჩემი მისამართით, მაგრამ არასამთავრობოებს ჩემი უფლებები არ დაუცავთ

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებთანაც მომავალში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა დამჭირდება, ჩემი უფლებები არ დაიცვეს“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასეთი მიმართვა ტელევიზიის გენერალური დირექტორის მხრიდან, მიუღებელია.
„მე მქონდა ელჩებთან ორი შეხვედრა, სადაც გავაცანი გვარამიას ტექსტი. ასევე გამოვთქვი მწუხარება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც მომავალში მე დამჭირდება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა როგორც პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში არ დაიცვეს ჩემი უფლებები, არც როგორც ქალის. ზღვა ცილისწამებისა და ლანძღვისა წამოვიდა ჩემზე. პირადად მე სახელით და გვარით დამარქვეს რასისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თუნდაც იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენდი 30 წლის მანძილზე და რომელმაც ღირსების ორდენი მომანიჭა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.
ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.
„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები