ახმეტაში ზემო ხალაწანის ფათალიანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწანის გვიანი შუა საუკუნეების ფათალიანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 24 ივლისის ბრძანებით მიიღო.
კოშკი ზურგიანია ოთხსართულიანია, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის სამხრეთ კედელში შესასვლელი კარია გაჭრილი. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან ხის ძელებით ნაწყობი თარაზული გადახურვა აქვს. ამავე კედლის მესამე და მეოთხე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელია მეოთხე სართულის დასავლეთ კედელშიც. დანარჩენ კედლებზე ყველა სართულს სწოკრუთხა ნიშები აქვს. ჩამონგრეულია მეოთხე სართულის ზედა ნაწილი. მთლიანად ჩაფლულია მცენარეულ საფარში.
კოშკი სათავდაცვო-საბრძოლო არქიტექტურის ერთ-ერთი კარგად შემორჩენილი ნიმუშია.