ბრიტანელი მამაკაცი 40 წლის განმავლობაში ფარდულში ტყვეობაში იმყოფებოდა
ინგლისში, კამბრიას საგრაფოში, პოლიციელებმა მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც ათობით წლის განმავლობაში მონობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ გაზეთი Metro UK წერს.
სავარაუდოდ, დაზარალებული ფარდულში 18 წლის ასაკიდან იყო ჩაკეტილი, ახლა ის 58 წლისაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაცია Labour Abuse -ის წარმომადგენელმა მარტინ პლიმერმა უამბო, რომელიც შრომის პირობების კონტროლს ახორციელებს.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია, მას შემდეგ დაიწყო, რაც მძევლად აყვანილი პირის შესახებ პოლიციაში ინფორმაცია შევიდა. პლიმერმა განაცხადა, რომ გადარჩენილი მამაკაცი საზარელ პირობებში იმყოფებოდა.
“არავითარი გათბობა, იქ ძალიან ციოდა. ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ცხოვრობდეს ასეთ პირობებში”, – განაცხადა მან.
მონობაში მყოფ მამაკაცს იატაკზე გაშლილ ლეიბზე ეძინა და გამტაცებელი მას უსასყიდლოდ ამუშავებდა.
პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, ცდილობდა თუ არა მამაკაცი გაქცევას. ამ დროისთვის ის სამედიცინო შემოწმებას გადის.
მოგვიანებით, პოლიციამ 79 წლის ბრიტანელი მამაკაცი, მონათმფლობელობის ბრალდებით, დააკავა.