„უწყვეტი კონტაქტი“ – გალერეა „ბაიამ“ რუსუდან ზვიადაძის გამოფენას უმასპინძლა (ვიდეო, ფოტოკოლაჟი)

„უწყვეტი კონტაქტი“ – გალერეა „ბაიამ“ ქართველი მხატვრის, რუსუდან ზვიადაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.
როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა განუცხადა, გამოფენაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი 20 ნამუშევარი – დიდი ფორმატის ფერწერული ტილოები იყო წარმოდგენილი.
„სახელწოდება „უწყვეტი კონტაქტი“ ანტიკური ხანის კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების უწყვეტ კონტაქტს ნიშნავს. ამ ყველაფრის ინსპირაცია განაპირობა ანტიკური ხანის ქანდაკებებმა, დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე მსოფლიო სხვადასხვა მუზეუმსა და ლუვრში გამოფენილმა ქვის ქანდაკებებმა… განსაკუთრებით – ვენერა მილოსელის ქანდაკებამ, როგორც სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლომ. დავხატე ვენერა მილოსელი, რომელიც ჩემთან უფრო მეტად გასულიერებულია“, – აღნიშნა რუსუდან ზვიადაძემ.
ვენერას გარდა, გამოფენაზე შთამბეჭდავი იყო ფერწერული ტილო ომის ღმერთის – არესის გამოსახულებით. ხოლო
დეკორატიული ნამუშევრები – ფოთლები ორიგინალური ფერებით და ხელწერით გამოირჩეოდა.
მანამდე რუსუდან ზვიადაძე პარიზში ორ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდა, მათ შორის, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად,  „კარუსელ დე ლუვრის“ გამოფენაში.
იგი საქართველოშიც არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები