ირაკლი ალადაშვილი: მთავარია რადიო-ლოკაციური ველის შექმნა, რათა მეტად გაკონტროლდეს საქართველოს საჰაერო სივრცე

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოშია. საუბარია ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებულ რადიოლოკაციურ სადგურებსა და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე.
საჰაერო თავდაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„დაახლოებით 2-3 წლის წინ ერთ-ერთ მედია საშუალებაში ასეთი სათაური დავწერე: საფრანგეთი მისტრალებს რუსეთის ნაცვლად საქართველოს მიჰყიდის, მაშინ საკმაო სკანდალი გამოიწვია. საუბარი იყო, რომ რუსეთი მაშინ აპირებდა საფრანგეთიდან მისტრალის ტიპის სადესანტო ორი ხომალდის შეძენას. აღმოჩნდა, რომ აქ იყო სიტყვების თამაში, მისტრალი ერქვა იმასაც, მისტრალი ჰქვია ამ საზენიტო სისტემასაც. რუსებს, რა თქმა უნდა, ის მისტრალი არ მისცეს, შემდგომ ეგვიპტემ იყიდა.
ეს მისტრალები ჩვენ მართლაც მივიღეთ. მისტრალი ეს არის ძირითადად გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, დაახლოებით იგივე ტიპის, როგორიცაა საბჭოთა „იგლა“, პოლონური „გრომი“, ან ამერიკული „სტინგერი“. ჩვენ დღეს სამივე გვაქვს შეიარაღებაში. ახლა მისტრალები შეიძინეს. ახლო მოქმედების რატომ ჰქვია და ის მოქმედებს დაახლოებით 3- 3,5 კილომეტრის სიმაღლეზე და 6 კილომეტრის რადიუსში. მისი სროლა ადამიანს შუძლია თავისი ხელიდან, მხრიდან. კონკრეტულად, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის მისტრალ ატლასის ტიპი, აქ არის შეწყვილებული ორი რაკეტა, პატარა დანადგარია, რომელთა შორის ზის ოპერატორი და მართავს მას. მობილურობა მეტია, ერთდროულად ორი რაკეტის გაშვება შეიძლება. ამ მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, წარმატებულია.
საჰაერო თავდაცვაში არსებობს ახლო მოქმედების საზენიტო საშუალებები, საშუალო მოქმედების და შორი მოქმედების. დღეს ჩვენ შორი მოქმედების არ გვაქვს, ახლო და საშუალო მეტ-ნაკლებად გვაქვს, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საკმარისია. რადგანაც, მთავარია რადიო-ლოკაციური ველის შექმნა, რომ რაც შეიძლება მეტი გააკონტროლო საქართველოს საჰაერო სივრცეში. მოგეხსენებათ, საქართველო მთა-გორიანი რელიეფია, ამიტომაც მეტი ლოკატორია საჭირო, რომ სავარაუდო მოწინააღმედგის საჰაერო ობიექტი დაინახო. ის თუ დაბალ სიმაღლეზე წამოვიდა, მთებსა და ხეობებში უკვე რთულია მისი აღმოჩენა. საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწყობა არის ერთ-ერთი ურთულესი და უძვირესი. ჩვენზე ბევრად ძლიერ ქვეყნებსაც არ შეუძლიათ, შექმნან ერთობლივი რადიო-ლოკაციური ველი, რომ ყველაფერი აკონტროლონ. ეს ურთულესი პრობლემაა. ამ შემთხვევაში ძირითადი ყურადღება გადადის მთავარი სტრატეგიული ობიექტების გაკონტროლებაზე, იქნება ეს დედაქალაქი, პრეზიდენტის სასახლე, სამხედრო ნაწილები თუ სხვ.“, – განაცხადა ალადაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინა. ისინი სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით, ცხინვალიდან მიფრინავდნენ.
რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენის ფაქტზე ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები