კახა კალაძე: „ნაცმოძრაობა“ ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუესა და ძალადობაში ადანაშაულებს.
კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ზოგიერთი მედიასაშუალების დახმარებით, ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ ისეთი დანაშაულები დააბრალონ, რასაც ისინი წლების განმავლობაში ჩადიოდნენ.
„დღეს, დემოკრატიული გარდატეხიდან 6 წლის თავზე, ჩვენ ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედიასაშუალებების უსუსურ მცდელობას, „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ იმგვარი დანაშაულები, რომლებიც მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება. როგორც აღმოჩნდა, ტოტალიტარული აზროვნების და მართვის ორი ძირითადი პრინციპი – სიცრუე და ძალადობა – როგორც ადრე იყო, დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად რჩება.
სწორედ ამიტომ არ იცვლის ხელწერას ერთ დროს ერთიანი და ახლა რეალურ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი ეს პოლიტიკური ძალა. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე, რათა ტოტალური უიმედობა დანერგოს ხალხში და რევოლუციური განწყობის იმიტირებით მოამზადოს ფონი პოლიტიკური რევანშისთვის. ტოტალური, ურცხვი პროპაგანდის მანქანიდან მომდინარე ე.წ. ახალი ამბები და პოლიტიკური ანალიზი, რომლითაც იბომბება ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერება, უწყვეტ რეჟიმში ტრანსლირებულ, ერთ დიდ და დაუსრულებელ „მოდელირებულ ქრონიკად“ გადაიქცა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით, არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობაზე სპეკულირებით (რაც განსაკუთრებულად უღირსი საქმეა), ისინი ამაოდ ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ ის იარლიყი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნიშანია. ამ პირობებში „ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს ამ უსუსური ბრალდებების შესახებ, რათა საზოგადოებამ თავად განსაჯოს – სად არის სიმართლე და სად – ტყუილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები