მარიამ ჯაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში, ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის რანგში სიტყვით გამოვიდა

ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის რანგში, შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქართველი პარლამენტარი სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა თუ რამდენად არის კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინები მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების ახალი შესაძლებლობა.
„საქართველო, როგორც ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის პრეზიდენტი ქვეყანა, პატივს მიაგებს ამ მნიშვნელოვან დიალოგს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საფრანგეთთან და გერმანიასთან პარტნიორობით.ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ძირითადი კითხვები შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ შეიძლება შეივსოს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის 37 ტრილიონი აშშ დოლარის ფინანსური ხარჯი“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ქართველმა პარლამენტარმა აღნიშნული მიზნებისთვის ინოვაციური დაფინანსების როლზე და მისი ახალი წყაროების მოძიებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამ კონტექსტში ინოვაციურ დაფინანსებას აქვს ტრანსფორმაციული ცვლილების განხორციელების პოტენციალი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის. მონტერეის კონსენსუსიდან დაწყებული, დოჰას დეკლარაციამდე, ადდის-აბებას სამოქმედო დღის წესრიგისა და გაერთიანებული ერების სოციალური საბჭოს ჩათვლით, ინოვაციური დაფინანსება მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. არსებული შეფასებით, 2001 წლიდან 2013 წლამდე ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებებით მობილიზებულია 100 მილიარდ დოლარზე მეტი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როგორ შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით მილიარდობით დოლარიდან ტრილიონ დოლარზე?
საფრანგეთი და საქართველო სხვა პარტნიორებთან ერთად ეძებენ ინოვაციური დაფინანსების ახალ პოტენციურ წყაროებს. ძიების პროცესში ჩვენ 3 წლის წინ შევქმენით პირველი საერთაშორისო ფორუმი საქართველოში ინოვაციური დაფინანსების შესახებ. შეხვედრას მოჰყვა თბილისის საერთაშორისო სოლიდარობა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის რეკომენდაციები 2030 წლისთვის ინოვაციური დაფინანსების დღის წესრიგის გაუმჯობესების შესახებ.
თბილისის საერთაშორისო სოლიდარობა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის რეკომენდაციები განსაზღვრავს პოტენციურ პლატფორმებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი ინოვაციური დაფინანსების მიზნით საერთაშორისო ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და სხვა ინდუსტრიებში. ჩვენ, ასევე მივესალმებით გაფართოების დიალოგს ინოვაციური დაფინანსების ინიციატივებზე, რაც მოიცავს საგადასახადო შემოსავლებისა და სოლიდარობის წვლილს სოციალური ზემოქმედების ინვესტიციებსა და სხვადასხვა ტიპის ფინანსებზე. დღესდღეობით ჩვენ ორიენტირებული ვართ ინოვაციური დაფინანსების პროგნოზირებად პლატფორმებზე“,-აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მარიამ ჯაშმა ისაუბრა ლეჯერი ტექნოლოგიებზე, მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებაში ელექტრონული ფულისა და ბლოკჩეინების როლზე და სხვა საკითხებზე.
„დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, მოვუსმინოთ ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიც პირდაპირ უჭერენ მხარს ან ჩართულნი არიან ელექტრონული ფულისა და ბლოკჩეინის მართვაში. ლეჯერი ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბაზარზე მოთამაშეების გამოცდილების გაზიარება. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრის დასასრულს დელეგატები, რომლებიც წარმოდგენენ მთავრობებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უკეთ გააცნობიერებენ ბლოკჩეინების ტექნოლოგიებსა და მათს გავლენას განვითარებაზე“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თემებზე წლის ბოლოს თბილისში ფორუმი გაიმართება, სადაც დიალოგი და დისკუსია გაგრძელდება.
„ჩვენი დისკუსიები დღეს მხოლოდ მოკლე შესავალი იქნება უფრო გაფართოებული დიალოგისთვის, რომელსაც თბილისში წლის ბოლოს უმასპინძლებს. დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილია მეორე საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმი (TISIFF 2018), სადაც მოწვეული იქნება ყველა დაინტერესებული პარტნიორი ამ საკითხზე უფრო ღრმა დიალოგისთვის. ცხადია, რომ არის მოქმედების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ფართო საერთაშორისო შეთანხმება რისკების შეფასებისა და ამ ტექნოლოგიების შესაძლო პოტენციური სარგებლის მიღების მიზნით“,-განაცხადა ქართველმა პარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები