არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილს დააბრალეს ის, რაზეც თვითონ აქვთ ხელი მოწერილი

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუციის მე-5 პუნქტში პირდაპირ არის ის ბრალდება, რომელსაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტები და განაყოფები, ასევე „ევროპული საქართველო“ სალომე ზურაბიშვილს ბრალდებად უყენებს“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ იცოდნენ, რომ ამას საზოგადოება გაუხსენებდა, ამიტომ თავიდანვე დააბრალეს სალომე ზურაბიშვილს ის, რაზეც თვითონ აქვთ მხარდაჭერა გამოცხადებული და ხელი მოწერილი.
„თუ გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილს და გრიგოლ ვაშაძეს ჰგონიათ, რომ ის ყველაფერი დაავიწყდათ, დღეს სხვა ქურქი გადაიცვეს და როგორც ჰუმანისტები ისე ელაპარაკებიან საზოგადოებას – მედიას და ხალხს ახსოვს ყველაფერი. ახსოვთ განსაკუთრებით, რომ ეს არის 2008 წელს მიღებული რეზოლუცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელსაც ეს ქალბატონები და ბატონები უჭერენ მხარს. რომ ამბობენ ვერ გაიტანდნენო რეზოლუციას, ესეც სიცრუეა. 93-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი და 4 ადამიანს რომ არ დაეჭირა, საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ ისევ და ისევ, თქვენ გგონიათ ეს რეზოლუცია ჩავარდებოდა? 93-მა ადამიანმა მისცა ხმა და მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ეს ერთი პუნქტი საქართველოს პოზიციებს ანგრევს.
„ეს არის ამის მიჩქმალვის მცდელობა, რომ თითქოს აქ არის მხოლოდ ორი ფრაზა და ამას მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, მე-5 პუნქტი ზუსტად ეხება სამხედრო ინტერვენციის საკითხებს, რომელიც არის ყველაზე მთავარი თემა და რომლითაც ისინი დღეს ცდილობენ რომ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ. ორ ფრაზად რომ მიიჩნევენ ეს არის ფარისევლობა. ეს არის სიცრუე და ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ“, – აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები