„პირდაპირ დავალებები აქვთ გაცემული 10-10 საჩივარი დაწერონ, რათა შექმნან ფონი, თითქოს არჩევნები სიყალბეა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას არჩევნების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
„არჩევნების დისკრედიტაცია აქვთ დაწყებული. პირდაპირ დავალებები აქვთ გაცემული, რომ არჩევნების წინ და არჩევნების დღეს 10-10 საჩივარი დაწერონ, რათა ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნან ფონი, თითქოს არჩევნები სიყალბეა“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ „შაბათის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები საზოგადოებას ვანო მერაბიშვილის, ახალაიას და სხვა ადამიანების შეწყალებას ჰპირდებიან და სალომე ზურაბიშვილს დებატები ასეთ ხალხთან მოუწევს.
„გუშინ სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გამოიწვია შავ-ბნელი ძალის ორი ლიდერი. მას გვარები არ უთქვამს. სასწრაფოდ ამას გამოეხმაურა ორი ლიდერი – ვაშაძე და ბაქრაძე და დათანხმდნენ დებატებს. ეს დებატები ძალიან პრინციპულია და კარგია, რომ ჩატარდეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 30 000 ხელმოწერაც ვერ შეაგროვა, მოსახლეობასთან შეხვედრებს კი სალომე ზურაბიშვილს უძღვნის.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სალაპარაკო არ აქვთ, პროგრამა არ აქვთ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილზე ესაუბრებიან საზოგადოებას“, – აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები