თამაზ ჭილაძის ბოლო დაბადების დღე
„ვინც ოდნავ მაინც იცნობდა თამაზ ჭილაძის პიროვნებას, ადვილად დამეთანხმება, რომ ამ დიდ პიროვნებას სიმარტოვის ატანის უზარმაზარი ძალა ჰქონდა… მას შეეძლო ადამინისთვის ესწავლებინა საკუთარ თავთან საუბარი“, – ასე ეხმაურება თამაზ ჭილაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში პოეტი და ლიტერატურათმცოდნე ქეთევან შენგელია და მწერლის ბოლო დაბადების დღეზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„გარდაიცვალა თამაზ ჭილაძე, თანამედროვე ლიტერატურისთვის უმნიშვნელოვანესი და დიდი მწერალი…
როცა თამაზ ჭილაძის ნაწარმოებს ეხები, გახსენდება, რომ არსებობს ორიგინალური აზროვნების კულტურა. მისი მწერლური გამონათქვამები სავსეა სიბრძნით, სილამაზით, იუმორით, არაპირდაპირი დარიგებით, ის ყოველთვის სიყვარულის მხარეს არის…
თამაზ ჭილაძის არაერთი ნაწარმოებია თარგმნილი უცხო ენაზე, მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. შემოქმედს დიდი ხანია კარგად იცნობს საზოგადოება საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. ის 1931 წელს დაიბადა და უახლესი სიტყვით გაამდიდრა ჩვენი მწერლობა. ევროპეიზმის ფეხის ადგმა და თანამედროვე ქართული მწერლობის ხელახალი დაბრუნება მშობლიურ წიაღში, უპირველეს ყოვლისა, მის სახელთან არის დაკავშირებული.
ინდივიდუალიზმი არ არსებობს სიმარტოვის გარეშე. ვინც ოდნავ მაინც იცნობდა თამაზ ჭილაძის პიროვნებას, ადვილად დამეთანხმება, რომ ამ დიდ პიროვნებას სიმარტოვის ატანის უზარმაზარი ძალა ჰქონდა… მას შეეძლო ადამიანისთვის ესწავლებინა საკუთარ თავთან საუბარი. საშინელი განწყობა სუფევს ლიტერატურულ სივრცეში; ვერ ვიჯერებ, რომ თამაზ ჭილაძე აღარ არის…
გავბედავ და ვიტყვი, რომ ის გახლდათ ჩემთვის უფროსი და დიდი მეგობარი, მისაბაძი ადამიანი და საოცარი სამყაროს მკვიდრი… არაერთი მნიშვნელოვანი რამ მისწავლია მისგან ცხოვრების შესახებ; ყოველთვის საინტერესო იყო მასთან საუბარი, მოდიოდა მისგან სითბო და სიკეთე; ძალიან დიდი გულისტკივილით ვემშვიდობები, ემშვიდობება მთელი საქართველო… სამარადჟამო ნათელში იყოს მისი სული…
ფოტოზეა თამაზ ჭილაძე, თავის ბოლო დაბადების დღეზე“, – წერს ქეთევან შენგელია.