დავით სერგეენკო თვალავაძის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება- იგი ბუნებით წესიერი ადამიანია

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„თვალავაძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“, – განაცხადა სერგეენკომ. მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს.

კითხვაზე, როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მისივე უწყებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან ამოიღეს, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში სანიმუშო ეგზემპლარები ინახებოდა.

„გაჟღერდა თითქოს, ეს ადამიანი თავის კაბინეტში ინახავდა ოთხი მილიონის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში ინახება თითოეულ რეგისტრირებულ სერიაზე სანიმუშო ეგზემპლარები, რომლებიც არის ერთ სერიაზე ერთი კოლოფი. რაც შეეხება ოთხი მილიონის ფსიქოტროპულების ამოღებას, სამინისტროში ასეთი რამე არ მომხდარა“, – განმარტა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. „მინისტრი აგებს პასუხს ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, იქნება ეს კარგი, თუ ცუდი. მინდა, ყველას ვთხოვო, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ“, – ამბობს სერგეენკო.

დღეს გია თვალავაძე გულის ჩივილების გამო პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

თვალავაძეს სასამართლომ ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე 24 სექტემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები