სალომე ზურაბიშვილი: ჩემს ოჯახში ნიკო ნიკოლაძედან დაწყებული, მეც და ჩემი შვილებიც მართლმადიდებლები ვართ

0

მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ურეკში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საკუთარ პროგრამასა და პრიორიტეტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის როლსა და ფუნქციებზე.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი აუცილებლად გახდება ხალხის პრობლემების მიმტანი ხელისუფლებასთან.
„ჩემ პროგრამასა და პრიორიტეტებზე გეტყვით, რომ მე ვიქნები ხალხისთვის მათი პრობლემების მიმტანი ხელისუფლებასთან. არ შეიძლება პრეზიდენტი, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული, არ გახდეს პირველი ხიდი საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, რათა გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომელზედაც არის პასუხისმგებელი პრეზიდენტი. მე ჩამოვთვალე სქემები, რომელიც ეხება ევროპული სტანდარტების შემოტანას ქვეყანაში, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს დამცველი ყველა იმ უფლებების, რომელიც ჩაწერილია ახლა კონსტიტუციაში – ეს ეხება ქალებს, შშმ პირებს, დაუცველ ფენას, ასევე ჯანდაცვას. მე ამისი ადვოკატი ვიქნები, რომ მივხედოთ ბევრად მეტად პრევენციას, ვიდრე აქამდე არის, რადგან ჩვენ, როგორც ვნახეთ, ძალიან ბევრი გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით, მაგრამ ნაკლებად პრევენციისთვის. იმ ადამიანებს, რომლებიც მოდიან ჩემთან, ძალიან აღელვებთ ეს საკითხი.
მე ვისაუბრე ასევე, ჩემი პოზიციების შესახებ ნარკოტიკებზე. აქაც დისკრედიტაციაა, არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად საფრთხეს წარმოადგენს თავიანთი ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკები,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარ რელიგიურ კუთვნილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან.
„რელიგიურ შეხედულებებზე და საერთოდ, შეხედულებებზე საარჩევნო კამპანიაში არ საუბრობენ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ იმ დისკრედიტაციის კამპანიას, რომელიც ეხება, რომ მე თურმე არ ვარ მართლმადიდებელი, ვუპასუხებ, რომ ჩემს ოჯახში ნიკო ნიკოლაძიდან დაწყებული, მამაჩემის გაგრძელებით და დღეს ჩემი ძმაც არის მრევლის ნაწილი, მე ვარ, ვიქნები და ჩემი შვილებიც არიან მართლმადიდებლები,“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი