მამუკა ბახტაძე: გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ აგრესიას კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით ვპასუხობთ

0

არავინ ისე არ აფასებს მშვიდობას, როგორც ის, ვინც მისი ნაკლებობა საკუთარ თავზე განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გნაცხადა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. “რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე კონფლიქტი გამოწვევად უდგას მშვიდობას ჩემს ქვეყანაში – საქართველოში. ის 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს და ასობით ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ და კვლავ ვერ ახერხებენ დაბრუნებას ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან და დანარჩენ სამყაროს არიან მოწყვეტილნი, ეთნიკურ დისკრიმინაციას განიცდიან და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი არიან. 21-ე საუკუნეში კვლავ ვართ მავთულხლართების აღმართვის მომსწრენი, რომლებიც ოჯახებს შუაზე ყოფს და ადამიანებს საკუთარ საცხოვრისს წყვეტს”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას საქართველო კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით პასუხობს. “ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული, ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მივაწვდინოთ ხმა და განსხვავებებს შორის ხიდი გავავლოთ, რათა ერთობა და კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენს ერს სამომავლოდ. ამ განზრახვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის აპრილში მნიშვნელოვანი მშვიდობიანი ინიციატივა გამოაცხადა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მის ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად კონფლიქტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ და ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას სამართლის პრინციპებზე დამყარებული წყობის, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემისა და თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების აღდგენისთვის.

კომენტარები

კომენტარი