საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

0

საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერაზე ისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

მამუკა ბახტაძემ და იური რატასმა ხაზი გაუსვეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მნიშვნელოვან მხარდაჭერას აფასებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესტონეთი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, ბევრი მიმართულებით საქართველოსთვის სამაგალითოა. პრემიერმა ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ინოვაციების დანერგვას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ეკოლოგიის გაჯანსაღებას გულისხმობს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისა და საქართველო-ესტონეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის პერსპექტივა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი