მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს

0

საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე.
პრემიერ -მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე და ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და მისასალმებელია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანამ მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მიაღწია.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი განათლების რეფორმის მნიშვნელობას, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი