ჯანდაცვის სამინისტრო გია თვალავაძის დაკავებას ეხმაურება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, გია თვალავაძის დაკავების ფაქტს, სპეციალური განცხადებით, ეხმაურება.
უწყება იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს.
„სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ზომებს მიმართავს მის აღმოსაფხვრელად. დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაეყენა სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე არაეფექტურ სისტემურ რეაგირებაში.დიდი იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია.რაც შეეხება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს, ის ამ ეტაპზე ბრალდებულია და საბოლოო განაჩენს უკვე სასამართლო დაადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე დააკავეს.
ასევე, ბრალდებულის სახით, დაკავებულნი არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები