დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც სხვადასხვა სფეროში მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში გამოიხატება.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ანკარა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა საბჭოს მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც ანკარაში გაიმართება.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-თურქეთის ჩართულობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში და ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც საქართველო და თურქეთი სამხრეთ დერეფნის განვითარების პროცესში ასრულებენ. ამ მხრივ ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. ქართული მხარე ასევე მიესალმა ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ის პროექტის გახსნას.
მინისტრმა თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ესაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”. მან მადლობა გადაუხადა თურქეთს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს მხარდაჭერისათვის.
თურქმა კოლეგამ კიდევ ერთხელ მიულოცა დავით ზალკალიანს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები