აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს შეუძლია აქტიური როლი შეასრულოს მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებაში – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე მიანიშნებს ტერორიზმის თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ პოზიტიური ჩანაწერი, მამუკა ბახტაძე პასუხობს:
“ჩემი ვიზიტად ყოფნის პერიოდში მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ძალიან მაღალი დონის მზადყოფნას, რომელიც აქვს საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ძალიან აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში. ანგარიში თვითონ თავისთავად არის კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, აქედან გამომდინარე, მე მინდა ვისარგებლო თქვენი დღევანდელი ეთერით და მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ოფიცერს, ჩვენს სამართალდამცავებს, უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელობას, რომ მიუხედავად გაზრდილი გამოწვევებისა ჩვენს რეგიონში, ისინი აგრძელებენ თავიანთი სამუშაოს ძალიან ღირსეულად შესრულებას და შესაბამისად, ამ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობა, რომელიც შეეხება უსაფრთხოების განმტკიცებას ჩვენს რეგიონში, ავიყვანეთ აშშ-სთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები