სალომე ზურაბიშვილი: ვიქნები მედიატორი თქვენსა და ხელისუფლებას შორის, რომელსაც ზოგჯერ ინფორმაციის მიტანა სჭირდება, ზოგჯერ კრიტიკის მიტანა

„მე ვიქნები მედიატორი თქვენსა და ხელისუფლებას შორის, რომელსაც ზოგჯერ ინფორმაციის მიტანა სჭირდება, ზოგჯერ კრიტიკის მიტანა“ – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის გამაერთიანებელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.
„გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი. მე თქვენთან ერთად ვიქნები ელჩი, რათა გარეთ გავიტანო ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება გვერდში დგომა, ზურგში დგომა და დახმარება. მე ასევე ვიქნები მედიატორი თქვენსა და ხელისუფლებას შორის, რომელსაც ზოგჯერ ინფორმაციის მიტანა სჭირდება, ზოგჯერ კრიტიკის მიტანა. ამისი მე არ შემეშინდება, როგორც არ მეშინია ზუგდიდში ჩამოსვლის. წარსული ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს და გადავიდეთ იმაზე, რაც ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ყველასთვისაა მოცემული – ბუნება, სიმდიდრე, ნიჭი. აქ, სამეგრელოში კარგად იცით რას ნიშნავს ნიჭი. ეს ყველაფერი გვერდზეა გადადებული, იმიტომ რომ, უნდა ერთმანეთი დავხოცოთ. მე გთავაზობთ, რომ ვიქნები გამაერთიანებელი პრეზიდენტი და მე ვიქნები არა მხოლოდ თქვენი, არამედ იმ ქალის პრეზიდენტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საუბარს მიშლიდა და გავიდა ახლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა ხმაურით დაიწყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ ზურაბიშვილს უთხრა, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ინტერესების მატარებელია და მას არ აქვს უფლება კეჭი იყაროს საქართველოს პრეზიდენტად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები