ირაკლი კობახიძე: პარლამენტის იდენტობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და იყოს დედაქალაქში

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან პარლამენტი თბილისში გადმოვა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის იდენტობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და დაფუძნებული იყოს დედაქალაქში.

“დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას და საბოლოო ჯამში, ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. არგუმენტი არის მრავალი, მათ შორის ისიც, რომ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნამდვილად წაადგება მისი ერთ შენობაში არსებობა. სასახლე არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ეს არის მისი ერთ-ერთი სიმბოლო. შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და დაფუძნებული იყოს დედაქალაქში. ჩვენ თავიდანვე გვქონდა საუბარი, საქმე ეხებოდა მხოლოდ ვადებს და საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით შევჯერდით იმაზე, რომ პარლამენტი 2019 წლის 1 იანვრიდან თბილისში გადმოვა. ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიური ინტერაქცია უნდა იყოს პარლამენტსა და მთავრობას შორის. ეს შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა ერთ ქალაქშია და პარლამენტი – მეორეში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები