დედაქალაქის მერი საერთაშორისო აქციას – „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა

0

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო აქციას „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა და მასთან დაკავშირებულ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა.
კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ თბილისში მეტი მწვანე სივრცე, ეკოლოგიურად გამოსწორებული მდგომარეობა, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები კერძო ავტომობილი იყოს.
“სამწუხაროდ, თბილისში ავტომობილებით ბევრი ადამიანი გადაადგილდება. ჩვენთან ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან პოპულარული არ არის, თუმცა დღევანდელი აქცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. დღეს ბევრი ახალგაზრდა გამოვიდა და ველოსიპედებით გავისეირნეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და ხელს შევუწყობთ, რომ დედაქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს. როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, ვცდილობთ, რომ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, იქ ველობილიკიც მოვაწყოთ. კოსტავა-შარტავას ქუჩების პროექტი არის ამისი ნათელი მაგალითი. კეთდება ველობილიკი, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება და ერთი დიდი სივრცე გამოვა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ აქციას „დღე ავტომობილის გარეშე“ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მეტი ადამიანი გადაადგილდებოდეს, ასევე, ქალაქში მეტი მწვანე სივრცე გვქონდეს. ნელ-ნელა უნდა ვუთხრათ არა „მკვლელ“ ავტომობილებს, რომლებიც მწყობრიდან გამოსულია და ქალაქს ეკოლოგიურად, ასევე, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი პატარების ჯანმრთელობას აზიანებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ველორბოლა ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნის გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ორგანიზაციის – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში გაიმართა.
„მთავარი გზავნილი არის ის, რომ ნაკლები ავტომობილი იყოს ქალაქში და მეტად გამოიყენებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი, ადამიანები ფეხით ხშირად გადაადგილდებოდნენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, ეს ტენდენცია ძალიან მალე დამკვიდრდება. დღევანდელი ღონისძიება, სადაც მოქალაქეებთან ერთად, დედაქალაქის მერი, ევროკავშირისა და გაეროს ელჩები მონაწილეობდნენ, იყო დასტური იმისა, რომ ამ მიმართულებას ყველა მხარს ვუჭერთ“, – აღნიშნა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილმა.
ღონისძიებაში ველომრბოლელებთან ერთად, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ევროკავშირისა და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ელჩები საქართველოში, ასევე დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე მონაწილეობდნენ.
ცნობისათვის, “დღე ავტომობილის გარეშე” ევროკომისიის მიერ 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად აღინიშნება.
საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ავტომანქანების მოძრაობის შემცირების გზით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.
დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომანქანით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.

კომენტარები

კომენტარი