Ad Black Sea 2018-ის მონაწილეებს “თი-ბი-სიმ” კრეატიულ ინდუსტრიაში საავტორო უფლებები გააცნო

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის, Ad Black Sea 2018-ის ფარგლებში “თი-ბი-სი” ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ეკა ეგუტიამ საავტორო უფლებების შესახებ სემინარი ჩაატარა. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სპიკერმა კრეატიულ ინდუსტრიაში საავტორო უფლებების მნიშვნელობა აუდიტორიას კონკრეტული მაგალითებით გააცნო და თანამედროვე ციფრულ სივრცეში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. აუდიტორიის ძირითად ნაწილს ქართველი და საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები შეადგენდნენ.
როგორც “კვირას” “თი-ბი-სი” ბანკიდან აცნობეს, საქართველო Ad Black Sea-ს საერთაშორისო ფესტივალს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. წელს დამსწრეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ისეთი სპიკერები, როგორებიც არიან: ჯონ პალანტი, ლუნა მაურერი, დენ უილიამსი, ჯესიკა უოლში. ეს უკანასკნელი არაერთი ჯილდოს მფლობელი და ბევრი ცნობილი ნამუშევრის ავტორია.
22 სექტემბერს Ad Black Sea-ს 15-კაციანი ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს კატეგორიებში: Film; Film & Craft; Print & Publishing; Out of Home; Radio; Design & Branding; Digital & Mobile; Advertising Campaigns; Media, Branding Content & Visual Storytelling.
გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც. წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებს.
Ad Black Sea 2018-ის მთავარი პარტნიორია თიბისი. ფესტივალი ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები