ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ ასოციაციის 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) რიგით XXXI სხდომა მოიწვია, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.
გასვლით სხდომაზე, რომელსაც ათეა-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, ასოციაციის 6 თვის ანგარიში მოისმინეს.
როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ და მისმა მოადგილემ, ნათია ღვინაშვილმა ათეა-ს აპარატის საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრეს და ის პროექტები წარმოადგინეს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს თვითმმართველობების ინტერესების წარდგენას, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობასა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულობას მოიცავს.
აღმასრულებელმა საბჭომ ანგარიში დადებითად შეაფასა და ორგანიზაციის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმები დასახა.
გიორგი ტყემალაძემ ასოციაციის როლზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ათეა-სა და მუნიციპალიტეტების მჭიდრო კოორდინაცია თვითმმართველობების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
სხდომის მონაწილეებმა დღესვე კარგი მმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.
ათეა, როგორც დეცენტრალიზაციის დაგეგმვის, ისე მისი განხორციელების პროცესში მონაწილე ორგანიზაცია, ასევე ჩართულია იმ ჯგუფებში, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეიქმნა.
როგორც დავით მელუამ განმარტა, აღნიშნული ჯგუფები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამ სფეროში მომუშავე ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. შეხვედრების ძირითადი მიზანი კი სამინისტროს ხედვის წარდგენას, სამუშაო ჯგუფებში მუშაობის პრინციპების განსაზღვრასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმებას წარმოადგენს.
გასვლით სხდომას რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი, ასევე აღმასრულებელი საბჭოსა და  ათეა-ს აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები