ბრალდებულს, რომელმაც მგზავრობისას კონფლიქტის შედეგად, მძღოლი დაჭრა, 5 წელი მიესაჯა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებული შ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ შ.ა.-ს, რომელიც ქ. გარდაბნიდან სოფელი ქესალოსკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუხდა „ოპელის“ მარკის ავტომანქანით მოძრავ მ.შ.-სთან, რა დროსაც შ.ა.-მ დანით მ.შ.-ს მუცლისა და ბარძაყის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ოთხი ჭრილობა მიაყენა.
სამართალდამცველებმა შ.ა. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ) და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ შ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები