ირაკლი მეზურნიშვილი: ფინანსთა მინისტრმა შეძლო ქუჩის აქციიდან კონსტრუქციულ, საქმიან ფორმატში გადმოეტანა მოლაპარაკება
ფინანსთა მინისტრმა შეძლო ქუჩის აქციიდან კონსტრუქციულ, საქმიან ფორმატში გადმოეტანა მოლაპარაკებები ხორბლის გადამზიდავი ტრაილერების მძღოლებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.
“მოდელი – როცა მონაწილეობით და მხარეთა ჩართულობით მიიღება გადაწყვეტილებები ყოველთვის ამართლებს. სადაც არის მყარი არგუმენტები და საჯარო ინტერესი – იქ საჭიროა პრინციპული მიდგომები, თუმცა თუ ეს მოითხოვს მეტ დროს – ეს დრო უნდა გამოიყოს. თითოეული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, -განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ცნობისთვის, ხორბლის გადაზიდვის საკითხი 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაიდება.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აქციის იმ მონაწილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვას აპროტესტებდა.
„ჩვენ გავითვალისწინეთ მძღოლების მოსაზრება და მდგომარეობა, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ. ერთი წლის შემდეგ, სხვა ტიპის შეზღუდვა იქნება, რომელზეც მძღოლებთან კონსულტაციას გავივლით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მამაკაცმა, რომელიც გეზ-თან თავის დაწვით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მძღოლებს სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.