გივი მიქანაძე სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს ის ისტორიული და ტრადიციული პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და გრძელდება. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო უწყებებს შორის თანამშრომლობაზე იმ კონტექსტიდან გამომდინარეც, რომ ბატონი ელჩი ყოფილი დეპუტატია და მისთვის ამ მიმართულების განვითარება მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ის შედეგები გააცნო, რაც მიღწეული იქნა ორმხრივად, აგვისტოში მისი  ვიზიტის დროს სომხეთში.

„ელჩს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა 24-25 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ორდღიან სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელშიც სომხეთის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი და დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სტუმარმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით და სურვილი გამოთქვა მისი წარმომადგენლის შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იქნება ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ნებისმიერ აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტისა და პარლამენტის აპარატის დონეზე განხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში.
„გამოვყოფთ საკონტაქტო პირებს, რომლებიც სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას. ეს თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში განხორციელდება. ელჩის მხრიდან, ასევე გამოითქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ჩვენი თანამშრომლობის ინიციატივების განვითარებას და განხორციელებას სომხეთთან მიმართებაში“, – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები