ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება – ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის (HDIM) ფარგლებში ვარშავაში 19 სექტემბერს გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძებაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ლევან მესხორაძე.
მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე ვითარებაზე. ქართველი მომხსენებლების პრეზენტაციებში აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების უფლებების სისტემატიურ დარღვევებზე. პრეზენტაციებში მოყვანილი იქნა სიცოცხლის უფლების ხელყოფის კონკრეტული მაგალითები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტები. აქცენტი გაკეთდა აღნიშნულ მკვლელობებში ბრალდებული კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე. ასევე, ზემოხსენებულ დანაშაულებთან, ისევე როგორც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მწვავე ვითარებასთან დაკავშირებით, ყურადღება გამახვილდა რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს, ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე.
ქართველმა მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ” და იმ კონკრეტულ ინიციატივებზე და მექანიზმებზე, რომელსაც ხსენებული ინიციატივა შეიცავს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისათვის.
ღონისძიების ფარგლებში, ნატალია ჯალიაშვილმა ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე.
ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM) 21 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები