„თამბაქოს კონტროლის ალიანსი:“ სახელმწიფო დაწესებულებებში სიგარეტის ჩუმად მოწევის ფაქტები ფიქსირდება

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის“ რესტორნებში, ბარებსა და კვების ობიექტებში შესრულების დონე არის 92 %-იანი, რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებს, ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები, კონკრეტული პირების ოთახებში ჩუმად მოწევის ფაქტები ფიქსირდება, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს კანონი აღმოჩნდა ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, რომელსაც საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს და ამის გამო აღსრულება კარგად ხდება.
მისივე თქმით, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები არის სკოლებში.
„სამი თვის განმავლობაში მოწევის ფატებთან დაკავშირებით იყო 167 გამოძახება და 160, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი დაჯარიმდა. რა თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია, შესაძლოა, დარღვევა უფრო მეტი იყო. ჩვენ გვყავს მონიტორები, საქართველოს მასშტაბით 100 მონიტორი გვყავს და ისინი სხვადასხვა ობიექტებს ინტენსიურად ამოწმებენ.
ჩვენი მონიტორების ინფორმაციით, რესტორნებში, ბარებსა და კვების ობიექტებში შესრულების დონე არის 92 %-იანი, რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებს, ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები, კონკრეტული პირების ოთახებში ჩუმად მოწევის ფაქტები ფიქსირდება, ეს ძირითადად ეხება გამგეობებს, ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებებს, ზოგიერთ სამინისტროსაც.
ცოტა რთული მდგომარეობა იყო სკოლებში. სკოლებშიც ფიქსირდება ნამწვის, სუნის, ფერფლის შემთხვევევბი. გვაქვს ურთიერთობა მანდატურის სამსახურთან და ვთხოვთ, რომ ყურადღებით იყვნენ ამ საკითხისადმი“, – განაცხადა ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, პირველი მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა აიკრძალა. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები