“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ჭრა-კერვა დაიწყეს“, – გიორგი ბახტურიძე საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს

გაიხსნა კარები ვაჭრობისთვის, “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ჭრა-კერვა დაიწყეს, დახლი გახსნილია, ვინც მეტს გადაიხდის, უფრო მეტ შედეგს მიაღწევს, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არის მცდელობა, დაკმაყოფილდეს „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის” მოთხოვნა, მოწევა არა მხოლოდ კაზინოებში, არამედ ნებისმიერ სათამაშო სახლში დაიშვას.
როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, ამ მოთხოვნის უკან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ისკო დასენის შვილი, კნიაზ დასენი დგას.
„ლობირებენ, რომ მოწევა დაშვებული იყოს სათამაშო ბიზნესის ყველა მიმართულებაში. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით იმ გამონაკლისისა, რაც ეხებოდა სამორინეებს, ერთ-ერთი გამონაკლისი, არის სამორინეები. იყო დათქმა, რომ ეს იყო დროებითი ზომა და გარკვეული პერიოდის შემდგომ სამორინეებშიც აიკრძალებოდა მოწევა. გამოვიდა პირიქით: აპრილში „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ წარმოადგინა წინადადება და მოიხმო ასეთი არგუმენტი, რომ, თითქოს, მათ დაკარგეს კლიენტები, მოაკლდათ შემოსავალი მათ ჯიბეებს. სინამდვილეში, არანაირი მტკიცებულება ამისა არ არის, პირიქით შემოსავალი მზარდია ამ კრიმინალურ ბიზნესში.
ამ ბიზნესმა წამოაყენა წინადადება, რომ ყველა სათამაშო სახლში დაშვებული იყოს თამბაქოს მოწევა. მივყევით ამ პროცესს. გამოვიკვლიეთ, რომ ამ სათამაშო ბიზნესის დამფუძნებელი გახლავთ „კრისტალბეთი“, რომელში წილი აქვს პარლამენტის ამჟამინდელი წვერის, ისკო დასენის ვაჟს, კნიზ დასენს. „კრისტალბეთი“ არის წამყვანი ძალა , რომელიც ლობირებს ამ ინტერესებს. როცა გუშინ ჰკითხეს დეპუტატს ინტერესების შესახებ, განმარტება ასეთი იყო – ჩემი შვილი მაგას არ იზამდა, იცის რომ პარლამენტის წევრი ვარო. სინამდვილეში, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებლებშიც არის მოხსენიებული კნიაზ დასენი“, – განაცხადა ბახტურიძემ.
მისივე თქმით, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ამოცანაა, მოწევა სამორინეებშიც აიკრძალოს. ბახტურიძე აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს.
„სამეცნიერო კვლევები არსებობს იმის შესახებ, რომ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება უფრო მეტად დამყოლს და ყველაფერზე წამსვლელს ხდის ადამიანს. როგორც კი „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ დააყენა ეს მოთხოვნა, მაშინვე ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში წინადადება, რომ სამორინეებში მოწევა აკრძალულიყო. ​
სამორინეებში დასაქმებული ადამიანების საციცოცხლო ინტერესები დაცული უნდა იყოს, ეს ადამიანები 24- საათიან რეჟიმში არიან მომწამვლელი აირების გავლენის ქვეშ. არ არის გამორიცხული საპროტესტო აქციებს მივმართოთ.
გაიხსნა კარები ვაჭრობისათვის, დაიწყეს ამ კანონის ჭრა-კერვა, დახლი გახსნილია, ვინც მეტს გადაიხდის, უფრო მეტ შედეგს მიაღწევს. არ გვინდა ასე ვიფიქროთ, მაგრამ, როგორც გითხარით, ერთ-ერთი მოქმედი „გმირი“, ვინც ამ პროცესებს კულისებიდან მართავს, უკვე აღმოვაჩინეთ.
ჩვენი ამოცანაა, აიკრძალოს მოწევა სამორინეებშიც, რომ ამ კრიმინალურ ბიზნესს არ ჰქონდეს ინსინუაციების საშუალება, თითქოს, მათი კლიენტურის გადადინება მოხდება სლოტკლუბებიდან კაზინოებისკენ და დაკარგავენ შემოსავლებს“, – განაცხადა ბახტურიძემ.
ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იხსნება შეზღუდვა უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. ამასთან, დგინდება გარკვეული პირობები – კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას.
შეგახსენებთ, პირველი მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა აიკრძალა. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები