ბიძინა გეგიძე: საინტერესოა, სპორტი რეკრეაციის საფრთხეა და კანაფი რეკრეაციაა

ფრაქციის – „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტი 20-21 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გადის, რომელშიც ოთხი კანონპროექტია გაერთიანებული: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი“, „საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. აღნიშნული კანონპროექტის პაკეტს პარლამენტმა მხარი, პირველი მოსმენით, 27 ივნისს დაუჭირა.
ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის, შეფასებით, აღნიშნულ პრობლემას საზოგადოების ყველა სეგმენტი და პოლიტიკური ჯგუფი, საჯარო და კერძო სექტორი აღიარებს.
„საკანონმდებლო ინიციატივა ჯანსაღი სივრცეებისა და გარემოს დაცვა-შენარჩუნების საკითხს ემსახურება, რაც საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულ პრობლემას საზოგადოების ყველა სეგმენტი და პოლიტიკური ჯგუფი, საჯარო და კერძო სექტორი აღიარებს.
კანონპროექტზე მუშაობისას ფრაქციის ფორმატში ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პლენარულ სესიაზე, პირველი მოსმენით გატანამდე ექვსმა კომიტეტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულ კანონპროექტზე, შემდეგ კი პრინციპების დონეზე პარლამენტმა პლენარულ სხდომაზეც მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
როგორც ფრაქციაში აცხადებენ, დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არსებობს სივრცეები შეუსაბამო ინტერპრეტაციებისთვის, რაც ქმნის კანონის აღსრულების პრობლემას და შედეგად ვიღებთ დაუცველ სარეკრეაციო სივრცეებსა და დაბინძურებულ გარემოს.
ბიძინა გეგიძის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ეთმობა.
„ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებას ისახავს მიზნად. დარგის ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გვეთანხმებიან, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები არა მხოლოდ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს, არამედ ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს, სპორტული მოედნებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სივრცეში შერწყმასა და განვითარებას. აღნიშნული რეგულაციები აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც დიდი ქალაქების განვითარება სწორედ მსგავსი მიდგომით ხორციელდება.
გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ეთმობა. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ევროკავშირმა და საქართველომ უნდა გაააქტიურონ თანამშრომლობა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხში, რაც შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას. ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარებას. ჩვენი ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებთანაა სრულ თანხვედრაში, ვინაიდან, კანონპროექტი სწორედ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნება-განვითარებას, ჯანსაღი გარემოს შექმნასა და სარეკრეაციო ტერიტორიებისა და სპორტული ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას ემსახურება, მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
კანონპროექტის კანონად ქცევის აუცილებლობის, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მიუხედავად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, პლენარული სესიის წინ, კანონპროექტს მხარი აღარ დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მოსმენამდე დადებითი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. კომიტეტისთვის რატომღაც მიუღებელი გახდა სპორტისა და რეკრეაციის ერთ გარემოში თანხვედრა. საინტერესოა, სპორტია რეკრეაციის საფრთხე და კანაფი რეკრეაციაა?“,-აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.
„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრები იმედოვნებენ, რომ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი მხარდაჭერას მიიღებს დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები