ირაკლი ლექვინაძე “იბერიას” საკითხზე: კომპანიის მხრიდან ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ვფიქრობ, არაკორექტულია

მნიშვნელოვანია, გაირკვეს რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები, მეორე მხარის განცხადებით, ეს იყო საქმიანი ბიზნეს შეხვედრა და ალბათ, უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, როცა ამ ტიპის ჩანაწერები ვრცელდება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ირგვლივ განვითარებული პროცესების თაობაზე განაცხადა.
ლექვინაძის თქმით, არაეთიკურია, როცა ამგვარი შეხვედრის ჩაწერა და შემდეგ მისი გასაჯაროება ხდება.
“მნიშვნელოვანია, გაირკვეს რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები, მეორე მხარის განცხადებით, ეს იყო საქმიანი ბიზნესშეხვედრა და ალბათ, უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, როცა ამ ტიპის ჩანაწერები ვრცელდება. ზოგადად, როცა საუბარი მიდის საქმიან ბიზნესმოლაპარაკებებზე, ცოტა არაეთიკურია, როცა ამგვარი შეხვედრის ჩაწერა ხდება და შემდეგ მისი გასაჯაროება, რადგან ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ბევრი დელიკატური და სენსიტიური საკითხია, სადაც ცალკეული პიროვნებები, რეალურად ან არარეალურად იქნენ დასახელებულები. ზოგადად კი „ომეგა ჯგუფის“ დაკავშირება ტელეკომპანია „იბერიასთან“ და ტელევიზიის გამოყენება იმ კუთხით, რომ კომპანია „ომეგას“ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მის მიერვე არის დეკლარირებული, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულება უნდა იყოს შესრულებული. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაცია კომპანია „ომეგასთან“ და მზად ვართ, რომ ვიშუამდგომლოთ ამ დავალიანების დროში ოპტიმალურად გაწერის ნაწილში, ამის შესახებ რეკომენდაციაც გვაქვს გაცემული, მაგრამ ის, რაც ხდება კომპანიის მხრიდან ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები